
რუსეთის თავდასხმის სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა. ოკუპანტმა ზაპოროჟიეზე მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელა. ქალაქის 5 რაიონში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 1 ადამიანი. მძიმეა 45 დაშავებულის მდგომარეობა. დარტყმის შემდეგ ჩამოიშალა რამდენიმესართულიანი საცხოვრებელი სახლი. ადგილზე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. დაზარალებული რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი, ომის დასრულების შემდეგ უკრაინისთვის მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტიებს მოკავშირეებისგან ითხოვს. დავოსში უკრაინის პრეზიდენტმა ის ორი პუნქტი დაასახელა, რომელიც მისი განმარტებით, ომის შეწყვეტის შემდეგ რუსეთს უკრაინაზე ხელახლა თავდასხმის საშუალებას არ მისცემს. ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას ან საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით რუსეთის საზღვართან დემილიტარიზებული ზონის შექმნას ითხოვს, სადაც ევროპელთან ერთად ამერიკელი სამხედროები განლაგდებიან.
უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების პირობებზე ისაუბრა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. განცხადება მარკ რუტმა დავოსში უკრაინის საკითხზე ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართული პანელური დისკუსიის დროს გააკეთა.
უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ერთიანობის მნიშვნელობაზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პოლონეთის სოფელ ჯასიონოვკაში სამხედრო ბაზაზე ისაუბრა, საიდანაც თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესში პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვა.
ცნობილია დონალდ ტრამპის პოზიციაც, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესოს, თუ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე. მისივე შეფასებით, ომში მოსკოვის ადამიანური დანაკარგები დაახლოებით 800 ათას ადამიანს შეადგენს, ხოლო კიევის – 600-დან 700 ათასამდეა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე