28 აგვისტო 2026,   03:02
ვრცლად
ისტორიაში პირველად საქართველოში უმსხვილესი ინვესტიცია განხორციელდება - შუა დერეფნის პროექტში ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე და მასშტაბური ინვესტიციების განხორციელების ადგილი ხდება

შეთანხმება მიღწეულია, თანამშრომლობის მემორანდუმი კი გაფორმებული - ისტორიაში პირველად, საქართველოში უმსხვილესი ინვესტიცია განხორციელდება. ხელმოწერის ცერემონია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა.

დეველოპერული კომპანია "EMAAR პროფერთი" თბილისსა და ბათუმში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის პროექტები დეველოპერული სექტორის განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, ქვეყანას კი მრავალმხრივ ბიზნესჰაბად გარდაქმნის.

დღის ბოლოს, ისტორიული შეთანხმების ფარგლებში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

კომპანია "ემაარი", რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, სწორედ ის დეველოპერია, რომელმაც დუბაიში ბურჯ ხალიფა ააშენა. საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა კომპანიის დამფუძნებელმა. თქვა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ამ დროისთვის ქვეყნის ორ რეგიონში მასშტაბური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, ქართულ ეკონომიკაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

შეთანხმებას, რომელიც თბილისსა და გონიოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს, ისტორიულ მოვლენად აფასებს ვიცე-პრემიერი.

საინვესტიციო მემორანდუმის ხელმოწერამდე, საქართველოს პრემიერი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, დელეგაციასთან ერთად შეხვდა. განსახილველი ბევრი იყო, მათ შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ფართო რეგიონში არსებული გამოწვევები. აუდიენციის დროს ირაკლი კობახიძემ საამიროების პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით საქართველოშიც მოიწვია.

დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაური აბუ-დაბის პორტების ჯგუფის აღმასრულებელ და მმართველ დირექტორს შეხვდა. მხარეებმა შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით თბილისის მშრალი პორტის პროექტზე ისაუბრეს. პორტების ჯგუფმა პროექტში ამ დროისთვის 16 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა გაფართოვდება და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. მთავრობის მეთაური აბუდაბის საერთაშორისო აეროპორტში, საამიროების სახელმწიფო მინისტრმა გააცილა.

დღის ამბები