06 თებერვალი 2025,   18:01
ვრცლად
"ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა" - თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 თებერვალს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 3 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

დღის ამბები