
მსოფლიოში, ტექნოლოგიური წინსვლის პარალელურად, იზრდება კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევისა და პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის საფრთხე. თანამედროვე სამყაროსთვის, კიბერუსაფრთხოება, მიმდინარე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. საქართველო ამ გამოწვევას 6 წელზე გაწერილი ეროვნული სტრატეგიით პასუხობს, რომლის ფარგლებშიც ციფრული მმართველობის სააგენტო 2025-27 წლების, კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლების სტრატეგიას ამზადებს.
გარდა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისა, სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ხანდაზმულები, სხვადასხვა სექტორში დასაქმებულები და აიტი სპეციალისტებიც კი. მათ მიეცემათ საბაზისო ცოდნა, როგორ დაიცვან თავი კიბერ საფრთხისგან.
სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულია სახელმწიფო უწყებები. საკვანძო როლს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებს, რომელსაც კიბერდანაშაულებზე რეაგირება და მათი გამოძიება ევალება.
კიბერუსაფრთხოების, როგორც ეროვნული ისე გლობალური ინდექსით, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით 44-დან 22-ე ადგილზე დაწინაურდა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიერ საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის, პირადი მონაცემების დაცულობისა და კიბერდანაშაული წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლესი შეფასება მიეცა.