ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო. ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი მეტოქე სამივე რაუნდში დაამარცხა და გამარჯვებულად მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დასახელდა.
"ემოციური კვირა იყო, მართალია თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ არ დავმალავ, როცა შენი ძმა ჩემპიონია, ზეწოლას ვერ დავარქმევ, მაგრამ პასუხისმგებლობა გემატება, რომ თავი მაღალ დონეზე წარმოაჩინო. რისი დამტკიცება მსურს მსოფლიოსთვის? ვერ ვიტყვი, რომ რაიმეს დამტკიცება მინდა. მაქვს ამბიციები, მაგრამ სხვა რამისთვის ვჩხუბობ, ჩემი ოჯახისთვის, საკუთარი თავისა და პრინციპებისთვის", - ამბობს ალექსანდრე თოფურია.
პირველ ორ რაუნდში თოფურიამ მეტოქე დგომში დაჯაბნა, მესამე რაუნდში კი კოლბი თიქნესს ჭიდაობაშიც მოუგო. დაცვითი თუ შეტევითი ჭიდაობა - 29 წლის მებრძოლმა მეტოქეს ყველა ასპექტში აჯობა. აღსანიშნავია ისიც, რომ თოფურია სახიფათო სიტუაციაში, 15 წუთის განმავლობაში არც ერთხელ აღმოჩენილა.
ავსტრალიელისთვის ეს პირველი წაგება იყო. ალექსანდრე თოფურიას კი კარიერაში 5 გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ორგანიზაციისგან 30 000 დოლარამდე თანხას მიიღებს.
ოქტაგონზე ქართველი მებრძოლის სეკუნდანტი, მის უმცროსი ძმა ილია თოფურია იყო. კოლბი თიქნეს კი რჩევებს ალექსანდრე ვოლკანოვსკი აძლევდა. ღონისძიებას ესწრებოდა UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილიც, რომელიც ალექსანდრეს მხარდასაჭერად ავსტრალიაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. თოფურიამ და დვალიშვილმა გამარჯვება აჭარული ცეკვით აღნიშნეს.
ბრძოლა ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გაიმართა. შეხვედრაზე არ გამოვლენილა ალექსანდრე თოფურიას შემდეგი მეტოქის ვინაობა. UFC-ში ექვსი ქართველი მებრძოლი ირიცხება. ილია თოფურია ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია. მერაბ დვალიშვილი კი ქვემსუბუქ ქამარს ფლობს.