
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარეს არზუ ნაგიევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესები, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
ალექსანდრე ტაბატაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და უსაფრთხოების საკითხებზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების კოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, არზუ ნაგიევმა ალექსანდრე ტაბატაძეს თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის აზერბაიჯანული მოდელის სპეციფიკა გააცნო და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც კომიტეტი მილი მეჯლისის ფარგლებში მუშაობს.
"აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენს სახელმწიფოებს შორის რამდენიმე მიმართულებით აქტიური და დინამიკური თანამშრომლობა არსებობს.
შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოვიხილეთ და ყურადღება საკანონმდებლო დონეზე, ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გავამახვილეთ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ასევე საქართველოში სტუმრობისთვის არზუ ნაგიევს მადლობა გადავუხადე", - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავდაცვის, უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ესწრებოდა.