23 მარტი 2025,   03:35
ვრცლად
"დღეს აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რომ უშეცდომოდ გვეთამაშა" - ვილი სანიოლმა დღევანდელი მატჩი შეაჯამა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან დამაჯერებლად მოგებული მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა. მან ლოჩოშვილის ტრავმაზეც ისაუბრა. 

"რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის ტრავმას, როგორც ვიცი, მძიმე დაზიანება არ არის. თუმცა, არა მგონია, საპასუხო მატჩში მონაწილეობა მიიღოს. ლუკა ბოლო დროს იტალიაში კარგად თამაშობს და დღესაც კმაყოფილი ვარ მისი გამოსვლით. ჩვენ მომავალშიც მისი დიდი იმედი გვაქვს.

გავაანალიზეთ სომხეთის თამაში და მივხვდით, რომ მიქაუტაძეს შეტევებისთვის დიდი სივრცეები ექნებოდა. სასიხარულოა, რომ გიორგიმ შანსებით ისარგებლა და წარმატებული თამაში ჩაატარა.

დღეს აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რომ უშეცდომოდ გვეთამაშა და საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა, ეს ჩვენს გუნდს თავდაჯერებას მატებს.

იქიდან გამომდინარე, რომ კაშია დისკვალიფიცირებული იყო, შემადგენლობის უნდა გადაგვეხალისებინა. დაცვით კმაყოფილი ვარ, ლოჩოშვილმა და გოგლიჩიძემ დამაჯერებლად ითამაშეს".

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

0:3 - ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე, სომხეთი-საქართველოს მატჩი, ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

პირველი გოლის ავტორი გიორგი ქოჩორაშვილი იყო, მან ნაკრები მატჩის 33-ე წუთზე დააწინაურა. მეორე და მესამე გოლი კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

 

დღის ამბები
მეტი