
გასული წლების მსგავსად, კინომოყვარულებს 2025 წელსაც არაერთი სიურპრიზი ელით. მძაფრსიუჟეტიანი და ანიმაციური, ბიოგრაფიული და სპორტული, კარგად დავიწყებული ძველი - მსოფლიო კინო დიდი პრემიერებისთვის ემზადება.
პოპ-მუსიკის მეფის, მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული ფილმი, რომელიც მომღერლის ცხოვრებასა და კარიერას დეტალურად ასახავს, "შეუსრულებელი მისია - სასიკვდილო ანგარიშსწორების" მეორე ნაწილი, რომელშიც მთავარ როლს, ამჯერად, ეთან ჰანტი ითამაშებს და მსოფლიო ვარსკვლავი ბრედ პიტი ფორმულა 1-ის პილოტის როლში - ამ და სხვა არაერთ კინოსურათს მაყურებელი ძალიან მალე ნახავს.
ფილმმა, რომელმაც 2000-იან წლებში სტერეოტიპები დაამსხვრია და უამრავი ქალისთვის შთაგონების წყაროდ იქცა, 14 წლის შემდეგ, დიდ ეკრანებზე ბრუნდება. "შეშლილი ბიჭის შესახებ" - ასე ჰქვია "ბრიჯიტ ჯონსის დღიურის" მეოთხე ნაწილს, სადაც მთავარ როლებში კვლავ რენე ზელვეგერსა და ჰიუ გრანტს ვიხილავთ.
ბრიჯიტ ჯონსის ცხოვრება წლების შემდეგაც გამოწვევებითაა სავსე. 50 წელს გადაცილებული მთავარი გმირი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ორ შვილ ზრდის და ახალი სიყვარულის პოვნას ცდილობს.
მაყურებელი მაიკლ ჯექსონის შესახებ ახალ ბიოგრაფიულ ფილმს - სახელად Michael-ს იხილავს. ფილმი მომღერლის ცხოვრებისა და კარიერის ყველა ასპექტს მოიცავს. მთავარ როლს არტისტის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი თამაშობს და პრემიერა მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. ფილმის გადაღებები მაიკლ ჯექსონის ოჯახის მხარდაჭერით და მონაწილეობით მიმდინარეობდა, რაც კინოსურათს მეტ სანდოობასა და ავთენტურობას სძენს.
სარკევ, სარკევ მითხარი, ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი? - სწორედ ამ საკულტო ფრაზით გვევლინება გალ გადოტი "ფიფქიას" ტრეილერში. წლების შემდეგ, ცნობილი ზღაპარი დიდ ეკრანებზე ცოცხლდება. ფილმის სცენარი უცვლელია - მუსიკით გაფორმებული ჯადოსნური მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში, სადაც ბევრ საყვარელ პერსონაჟს შეხვდებით.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულებისთვის წლევანდელი წელი ნამდვილად იღბლიანია. "შეუსრულებელი მისია - სასიკვდილო ანგარიშსწორება" მეორე ნაწილით ბრუნდება. ფილმის მთავარი გმირი - ეთან ჰანტი ყველაზე რთული მისიის შესრულებას და სამყაროს გადარჩენას ცდილობს. ფილმების ეს სერია ცნობილია დინამიკური სიუჟეტით, შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტებით და ტომ კრუზის არაჩვეულებრივი შესრულებით.
ფანტასტიკური ოთხეული ახალი თავგადასავლით ბრუნდება. კომედიის, კოსმოსური თავგადასავლებისა და "ოჯახური" დრამის კომბინაცია მარველის სამყაროში ახალი ეპოქის დასაწყისი ხდება. კაპიტანი ამერიკა გამოწვევების წინაშე დგას. მან კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს საკუთარი ერთგულება ერის წინაშე. ფილმი ეკრანებზე სულ რამდენიმე დღეში გამოჩნდება.
დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, ფორმულა 1 ზე გადაღებული ფილმი დიდ ეკრანებზე გამოვა. ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს. გავრცელებული ტრეილერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რბოლების სამყაროში დაუვიწყარი მოგზაურობა გველის.