
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციაში შეფასებები კეთდება. საუბარია კომისიაზე, რომელმაც 2003-2012 წლებში ჩადენილი ქმედებები უნდა გამოიძიოს.
"გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია კომისიის მუშაობაში მათი პარტიის მუშაობას გამორიცხავს. მისი შეფასებით, აღნიშნული კომისია "არის უბრალოდ ფარსი."
"ამ პროცესში მონაწილეობა გამორიცხულია. [პარლამენტის] ლეგიტიმაციას არა მხოლოდ ჩვენ არ ვცნობთ, არამედ, დასავლეთის ქვეყნებიც. ეს საგამოძიებო კომისიაც არის უბრალოდ ფარსი. მთავარი ფოკუსი და მიზანი ამ გამოძიების არის ის, რომ საკუთარ სამშობლოს დააბრალონ აგვისტოს ომი," - ამბობს თეონა აქუბარდია.
ორშაბათიდან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას განაახლებს. სამუშო ჯგუფი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს მოუსმენს, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მომხდარ კანონდარღვევებზე წარმოებულ საერთაშორისო დავებზე უნდა ისაუბროს.