ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლე, რომელიც ნახევარ საუკუნეს ითვლის და ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, მალე ახალ იერსახეს შეიძენს. პირველად 55 წლის მანძილზე, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება.
ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოებისთვის 30 მილიონი ლარია გამოყოფილი. მეოცე საუკუნის არქიტექტურული ძეგლი სპორტის ორ სახეობას - ჭადრაკსა და ალპინიზმს აერთიანებდა. რეკონსტრუქციის შემდეგ შენობას ძველი ფუნქციები შეუნარჩუნდება.
ჭადრაკის სასახლე 1973 წელს აშენდა. თანამედროვე საზოგადოებრივი შენობის შექმნის იდეა საქართველოს სპორტულ კომიტეტს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრიდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა. 2019 წლიდან შენობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.
პარალელურად, მეშვიდე თვეა აქტიურად მიმდინარეობს ვერის პარკის რეაბილიტაციის პროცესი. 4 ჰექტარზე გაშენებული ახალი რეკრეაციული სივრცით, დედაქალაქის მცხოვრებლები წლის ბოლოდან ისარგებლებენ.