14 წლის ლაზარე სუთიაშვილი ყოველდღე დილის 6 საათზე იწყებს ვარჯიშს. მისი ყოველდღიურობა მთლიანად ჩოგბურთს ეძღვნება – საათობით ვარჯიში კორტებზე, ფიზიკური მომზადება და დაუღალავი შრომა. მისი მთავარი ოცნებაა, წლების შემდეგ საქართველოს სახელით მსოფლიო ტურნირებზე იასპარეზოს.
ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ხარჯიანი სპორტია. გლობალური ასპარეზისთვის სპორტსმენებს არა მხოლოდ დიდი შრომა, არამედ სერიოზული ფინანსური რესურსები სჭირდებათ.
ლაზარემ უკვე დაამტკიცა, რომ ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენია. ის საქართველოს ორგზის ჩემპიონია, არაერთ საერთაშორისო ტურნირზე გამოიჩინა თავი და დაამარცხა ისეთი მოთამაშეები, რომლებიც წამყვან ევროპულ ქვეყნებს წარმოადგენენ. მიუხედავად ამ წარმატებებისა, დაფინანსების ნაკლებობა ლაზარესთვის ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
მისი მწვრთნელი, ალექსანდრე ბურჭულაძე, ლაზარეს ყოველდღიურ შრომაზე საუბრობს: „ლაზარე ნამდვილი მებრძოლია. მისი მონდომება და მიზანდასახულობა გამორჩეულია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მის განვითარებას – მწვრთნელები, მშობლები და ფედერაციაც – მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მისი პოტენციალის სრულად გამოსავლენად საჭიროა რეგულარული მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში, რაც სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.“
ალექსანდრე განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ლაზარესთვის ყოველწლიურად მინიმუმ 20 საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაა საჭირო, რათა სათანადო გამოცდილება მიიღოს და კონკურენციას გაუწიოს მსოფლიოს წამყვან სპორტსმენებს. ეს კი დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს – მოგზაურობა, სასტუმროები, აღჭურვილობა, მწვრთნელების თანხლება და სხვა მრავალი ხარჯი, რომელიც წლიურად დაახლოებით 50,000 დოლარს უტოლდება.
მწვრთნელი იხსენებს საერთაშორისო ტურნირების დროს მიღებულ გამოცდილებას: „მიმუშავია ევროპასა და დიდ ქვეყნებში, სადაც სპორტში უზარმაზარი თანხები იდება. მიუხედავად ამისა, ისეთ ნიჭიერ სპორტსმენებსაც კი, როგორიც ლაზარეა, იქ იშვიათად შეხვდებით. თუმცა, მათ გვერდით დგანან ძლიერი სპონსორები, სახელმწიფოც და კერძო სექტორიც. ამ მხარდაჭერის გარეშე მათი წარმატებაც წარმოუდგენელია. ლაზარეს უკვე ჰყავს ძლიერ სპორტსმენებთან გამარჯვების გამოცდილება, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ბუნებრივი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის შედეგია. ახლა საჭიროა, რომ ბიზნესმა მხარი დაუჭიროს მის მომავალს.“
სამწუხაროდ, საქართველოში სპორტული დაფინანსების ფოკუსი ძირითადად გუნდურ სახეობებზეა გადატანილი – ფეხბურთსა და კალათბურთზე. ინდივიდუალური სპორტები, განსაკუთრებით ჩოგბურთი, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა ასეთი სპორტსმენების წარმატება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან იმიჯურ და ეკონომიკურ სარგებელს ქმნის.
ლაზარე და მისი გუნდი მადლობას უხდიან მათ, ვინც უკვე დაუდგა მხარში ახალგაზრდა სპორტსმენს: Hillside Estate-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს – ირაკლი კენჭიაშვილს, კომპანია ბაბოლატის წარმომადგენელს – დავით ისლამოვს, ბიზნესმენს – ალექსანდრე გვარიშვილს, Gagua’s Gym-ის დირექტორს – დავით გაგუას, ჩოგბურთის ფედერაციას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის მწვრთნელებს.
ეს მხარდაჭერა ლაზარესთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თუ გვსურს, რომ საქართველომ მსოფლიო არენაზე საკუთარი ჩოგბურთელი ვიხილოთ, აუცილებელია, რომ ბიზნესმა კიდევ უფრო აქტიურად ჩართოს თავი. სპორტსმენის წარმატება მხოლოდ მისი პირადი გამარჯვება არაა – ეს არის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესების, ახალი შესაძლებლობების შექმნის და სპორტული ინდუსტრიის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯი.
ლაზარე სუთიაშვილი მზად არის, საქართველო მსოფლიოს ჩოგბურთის რუკაზე წარმოაჩინოს – ახლა მას სჭირდება ბიზნესი, რომელიც ამ გზაზე მასთან ერთად იბრძოლებს.
(R)