
This is a modal window.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება. სანიოლის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, პრინციპულ დაპირისპირებაში სომხეთის ნაკრები სტუმრად ერევანში, 3:0 დაამარცხა. სომხეთში მოგება მნიშვნელოვანი იყო ბევრი ფაქტორის გამო. მათ შორის, შედეგს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ოთარ კიტეიშვილისთვის, რომელმაც კაშიას არ ყოფნაში, ეროვნულ გუნდს, პირველად უკაპიტნა.
შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და პირველი ნახევარი ისევე, როგორც მთლიანად მატჩი, ლოგიკური და წინასწარ პროგნოზირებადი შედეგით დასრულდა. ის, რომ დღეს საქართველოს ნაკრები, სომხეთის გუნდზე გაცილებით ძლიერი და უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულია, ერევანში გამართულ შეხვედრაშიც ნათლად დადასტურდა. მასპინძელთა კარში გატანილი პირველი გოლის ავტორი კი გიორგი ქოჩორაშვილი გახდა.
მერე კი იმ ქართველი ფეხბურთელის ჯერი დადგა, რომელიც ბოლო პერიოდში, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე თავის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა.
შესვენების შემდეგ, ქართველების მიერ განხორციელებული სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში დასარჩენად დიდი
ნაბიჯი გადადგა.
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე.