
ითანამშრომლებენ თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. უმრავლესობის განცხადებით, უარი კომისიასთან თანამშრომლობაზე იქნება სისხლის სამართლის დანაშაული და მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.
ოპოზიციაში კვლავ აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას არ აღიარებენ.
"[კომისია] იმსჯელებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ეხება ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, რომელსაც საზოგადოება იცნობდა "მაგნატის" სახელწოდებით, ეს ბიზნესი მის მფლობელს ჩამოერთვა იძულების წესით და ამაში, როგორც ჩვენებიდან ჩანს, მონაწილეობდნენ "თიბისი ბანკი" და მისი მესვეურები", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია.
შეგახსენებთ, დღეს განიხილება ბენზინგასამართი სადგურების ქსელის "მაგნატის" სავარაუდო უკანონო გზით ჩამორთმევის საქმე, სადაც თიბისი ბანკის სახელიც ფიგურირებს. კომპანია, რომელიც ნავთობიმპორტიორთა ბაზრის 10 პროცენტს ფლობდა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს მალევე დავით კეზერაშვილთან ასოცირებული ფირმის საკუთრება აღმოჩნდა. ყოფილ ბანკირებთან ერთად, დროებით კომისიას ჩვენება დაზარალებულმა ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემაც უნდა მისცეს.