
კრიზისები, კონფლიქტები და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები - 18-წლიანი დუმილის შემდეგ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, პირველი ჩვენება საგამოძიებო კომისიას მისცა. ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც საკუთარი და ოკუპანტი ქვეყნის შესაძლებლობები კარგად იცოდა, 2008 წლის ომის თავიდან აცილება შეეძლო. წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ აგვისტოს მოვლენებამდე, პრეზიდენტის მოქმედებებმა ქვეყანა შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე ორჯერ - 2004 და 2006 წლებში მიიყვანა.
2008 წლის აგვისტოს მოვლენები საგამოძიებო კომისიასთან, ომის დროს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმაც გაიხსენა. რატომ არ იყო მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა? - თამაზ ბესტაევი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ადმინისტრაცია, მთლიანად რეგიონი და მოსახლეობა სიკვდილისთვის გაწირა. გაიხსენა, რომ ომის პერიოდში თბილისიდან არც ინსტრუქციები და არც საფრთხის შესახებ ცნობა არ მიუღიათ. ამის გამო, ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებს თვითნებურად ტოვებდნენ.
რატომ არ მიიღო ყოფილმა ხელისუფლებამ საჭირო ზომები საკუთარი მოსახლეობის დასაცავად, თუ მოსალოდნელ საფრთხეზე ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა? - ეს შეკითხვა საგამოძიებო კომისიამ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს დაუსვა. გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა, რომ მან დაზვერვის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია უშიშროების საბჭოს გააცნო, თუმცა ადგილობრივების ევაკუაცია და გაფრთხილება მაშინ მიზანმიმართულად არ მოხდა.
2008 წლის ომზე, საგამოძიებო კომისიას ჩვენება შიდა ქართლის ყოფილმა რწმუნებულმაც მისცა. მიხეილ ქარელმა, დისტანციური ჩართვის დროს, თქვა, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალების განთავსების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ელიტამ - ირაკლი ოქრუაშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა მიიღეს. შიდა ქართლის ყოფილმა რწმუნებულმა დაადასტურა, რომ ის, რაც აგვისტოში მოხდა, შეთანხმებული იყო.
რატომ არ მოხდა კოდორისა და ლიახვის ხეობიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია? საგამოძიებო კომისიის წევრებმა ეს შეკითხვა 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი, საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელს დაუსვეს. პაატა დავითაიამ დაადასტურა, რომ საპარლამენტო კომისია ამ საკითხს იკვლევდა, თუმცა მაშინ მოქმედ მინისტრებს პასუხი არ ჰქონდათ.
საგამოძიებო კომისია რიგით მე-5 სხდომაზე იკვლევდა, არსებობდა თუ არა 2008 წლის ომის წინაპირობები და როგორ ვითარდებოდა მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ შორის 2004 წლის იანვრიდან - 2006 წლის ჩათვლით.