
ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ტერი ჰაკალასთან შეხვედრით, ავსტრიაში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასრულდა. ეუთოს ინსტიტუტებთან ურთიერთობა, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები უსაფრთხოების კუთხით და ის პრიორიტეტები, რომელიც საქართველომ საგარეო მიმართულებით განსაზღვრა - შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელეს.
საგარეო საქმეთა მინისტრს, ვენაში, ავსტრიელმა კოლეგამაც უმასპინძლა. რეგიონში არსებული გამოწვევები, ოკუპაცია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა. ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეების მინისტრმა თქვა, რომ საქართველო, განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ავსტრიისთვის სტრატეგიული ქვეყანაა. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ თბილისთან ურთიერთობის დღის წესრიგში რთული საკითხებიცაა.
მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს სურვილზე, გახდეს ევროკავშირის წევრი. საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, ჩაერთოს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში.
ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანსაც შეხვდა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, სამომავლო ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით, ახალ გენერალურ მდივანთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ავტორი: ნანა გოგატაძე