
"თუ ხელისუფლება არის იზოლაციაში, თუ აქედან გადის ინვესტიცია, თუ ევროპა და ამერიკა არ არის სტრატეგიული პარტნიორი და მტერს ვეძახით, ვისი იმედი გვაქვს, პუტინის?" - ამის შესახებ "სტრატეგის აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს. მისი თქმით, არჩევნების შედეგებს არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ ქართველი ხალხი უნდა წერდეს.
"დეკლარაციის შევსება გამოიყენა ხალხმა პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებად. ჩვენ პარლამენტი თუ გვინდოდა, არ დავწერდით განცხადებებს და ლეგიტიმაციას არ გავუკეთებთ იქ მისვლით, იმ ფარსს, რაც იქ ხდება. მშვიდობა და უსაფრთხოება როგორ მოდის? იზოლაციით? უფრო ნაკლები მეგობარი რომ გვყავს? უფრო ნაკლები მოკავშირე თუ გვეყოლება? მარტო თუ დარჩება საქართველო, ასე ვიქნებით დაცულები?
სამწუხაროდ, არჩევნები არ ტარდება ქვეყანაში, ივანიშვილს ხელში უჭირავს საარჩევნო ტაბლო და რასაც უნდა იმ შედეგს წერს. ჩვენ გვინდა, რომ შედეგებს წერდეს ქართველი ხალხი. მივმართავ მოქალაქეებს, იქ რომ ქუჩაში დადის ხალხი, იმ ხალხის პრობლემა არ არის, დღეს რომ რეჟიმი არალეგიტიმურია, ყველას პრობლემაა, ყველას შეგვეხება, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც. თუ ხელისუფლება არის იზოლაციაში, თუ აქედან გადის ინვესტიცია, თუ ევროპა და ამერიკა არ არის სტრატეგიული პარტნიორი და მტერს ვეძახით, ვისი იმედი გვაქვს, პუტინის? ასე მოდის მშვიდობა და უსაფრთხოება? ვის ვატყუებთ? თუ ოპოზიციას არ აქვს რეიტინგი, რა უდგას არჩევნების ხელახლა დანიშვნას, რატომ ვაყენებთ ქვეყანას რისკის ქვეშ?" - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.