საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
მინისტრი ქალაქ ბოლნისის მესამე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლებში განახლებულ ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს, სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, გაეცნო.
ქალაქ ბოლნისის მესამე საჯარო სკოლა 210 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლა 440 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიონ 600 ათას ლარამდეა.
ორივე საჯარო სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.