13 აგვისტო 2026,   17:59
ვრცლად
ოკუპანტებმა ოდესას კვლავ შეუტიეს - დაიბომბა საავადმყოფო, დანგრეულია საოპერაციო ბლოკი

ოკუპანტები უკრაინაზე ინტენსიურ იერიშს განაგრძობენ. დრონებით შეტევა იყო გვიან ღამით ქალაქ ოდესაზე. დაიბომბა საავადმყოფო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა ხუთი ადამიანი. დანგრეულია საოპერაციო ბლოკი. გაჩნდა ხანძარი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. საავადმყოფოს გარდა, მიწასთან გასწორდა მახლობლად მდებარე საცხოვრებელი სახლები, დაზიანებულია მაგისტრალი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

რუსეთის გუშინდელ თავდასხმას ქალაქ სუმზე ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა "ფრანც პრესს" უთხრა, რომ ეს საშინელი თავდასხმაა, შეცდომა დაუშვა - ამბობს ტრამპი, თუმცა მას "ეარ ფორსის" ბორტზე, კორესპონდენტთან, არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა შეცდომაში, ან ვინ დაუშვა შეცდომა. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ეს ბაიდენის ომია და არა მისი.

მარკო რუბიომ კი "იქსის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ეს არის ტრაგიკული შეხსენება, თუ რატომ ხარჯავენ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამდენ დროსა და ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად და სამართლიანი, მყარი მშვიდობის მისაღწევად" - დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

შეგახსენებთ, გუშინდელ იერიშს სუმზე 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ორი ბავშვია. დაჭრილია ასამდე ადამიანი. უკრაინის რეგიონებში დღეს გლოვაა გამოცხადებული.

დღის ამბები