პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მე-10 ოლიმპიადაზე იასპარეზა - სპორტული პისტოლეტიდან მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ჩემპიონები" საკუთარ პროფესიაზე და კარიერულად განვლილ გზებსა თუ სირთულეებზე ისაუბრა.
"მე მადლობელი ვარ უფლის, რადგან ჩემი შრომა დაფასდა და ჩემს პროფესიაში მივაღწიე ძალიან ბევრს. ის განცდა, რაც გეუფლება ოლიმპიური მედლის მოპოვების დროს ადამიანს ეუფლება, ამას ვერ აღწერ, ეს უნდა განიცადო.
ოლიმპიურ სახეობებს შორის პირველი სპორტსმენი ვარ საქართველოში, რომელსაც ორი გინესის რეკორდი აქვს. იცით, სულ იმას ვფიქრობ, როდესაც სეულში ვიყავი, ჩემთვის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე, პირველ ვარჯიშზე ოქრო ავიღე, მეორეზე, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური რეკორდი მქონდა, გავედი მეორე ადგილზე, ანუ ვერცხლი მერგო. მაშინ ძალიან დამწყდა გული, რადგან დიდი შრომა იყო ჩადებული და ასე ახლოს იყო ორი ოქრო, მაგრამ რაღაც მეათედებით წავაგე. თუმცა, ახლა ვფიქრობ, რომ უფალმა უკეთ იცის. არ იქნებოდა ალბათ ეს ათი ოლიმპიური თამაშები, იმიტომ, რომ მოტივაცია იმის, რომ რისთვის უნდა გეოცნება, რისთვის გაგეგრძელებინა, ჩემთვის ალბათ დადგებოდა ეს სიტუაცია, რომ მეფიქრა, რისთვის გავაგრძელო, იმიტომ რომ ძალიან მალევე მივაღწიე იმას, რასაც ოცნებობს ყველა სპორტსმენი. ასევე არ იქნებოდა ათი ოლიმპიადა, რომ არა მამაჩემი - ჩემი მწვრთნელი. ეს ადამიანი იყო ძალიან მაღალი კლასის მწვრთნელი, დახვეწილი ტექნიკა, ტაქტიკა, ფსიქოლოგია - ეს ყველაფერი ერთად მომაწოდა. ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, ჩემთვის ეს იყო მეცხე ოლიმპიური თამაშები, როდესაც ჯანმრთელობის გამო აღარ მინდოდა გაგრძელება და მეგონა ამდენ შრომას ვერ შევძლებდი. მაგრამ მამამ (ის უკვე მწოლიარე იყო) მითხრა, ჭკვიანი ქალი მეგონეო, გეცადა ბედიო, გამოვიდა გამოვიდა, არ გამოგივა, არ გამოგივაო. ძალიან რთული წელი იყო, მამაც ცუდად იყო ერთ საავადმყოფოში, მეუღლე მეორე საავადმყოფოში, მე მაინც არ ჩამიგდია არცერთი ვარჯიში, ამიტომ ჩემს მოსწავლეებს სულ ამას ვუმეორებ, შრომა ადრე თუ გვიან დაფასდება და ის იღბალი, რასაც იძახიან, გინდ სპორტული, გინდ ცხოვრებაში, იღბალი ალბათ მისდევს იმ ხალხს, ვინც არ დაიშურეს თავისი ძალ-ღონე მიზნის მისაღწევად," - აღნიშნა ნინო სალუქვაძემ.
ცნობისთვის, ლეგენდარული ქართველი ჩემპიონი მსოფლიომ 1988 წლის თამაშებიდანვე გაიცნო, როცა ნინო სალუქვაძემ ოქროს მედალთან ერთად 10 მეტრიდან ტყვიის სროლაში ვერცხლის მედალიც მოიპოვა. 2008 წელს პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ნინოსთვის რიგით მე-6 იყო, ქართველმა ჩემპიონმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი და 10 ოლიმპიური თამაშის მონაწილე, ნინო სალუქვაძე, ასევე მრავალგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. თავისი კარიერის განმავლობაში ნინო სალუქვაძემ მსოფლიო რეკორდები 20-ჯერ დაამყარა, ხოლო მიზანში სროლის მსოფლიო ჩემპიონატი 7-ჯერ მოიგო. რაც შეეხება თასის გათამაშებებს, ქართველი ჩემპიონი მსოფლიო თასების გათამაშების 17-გზის გამარჯვებულია, მსოფლიო სუპერ თასის გათამაშების კი 9-გზის მფლობელი.