
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ყურადღება გაამახვილა STEAM მიმართულების გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას ყველა საფეხურზე, სკოლების აღჭურვას საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, STEAM კლუბების, ოლიმპიადებისა და კონკურსების მხარდაჭერას.
"ჩვენი ინიციატივაა STEM კლუბები. STEM-ი არის საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების დისციპლინარული სწავლების მეთოდი, რომელიც იქნება კლუბების სახით სკოლაში. სპეციალური ლაბორატორიები მოეწყობა და ესეც ნებაყოფლობითი იქნება, სასკოლო საათების დასრულების შემდეგ, სკოლის მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, როგორც სპორტული, ისე, სახელოვნებო კლუბის პარალელურად, მოსწავლეს ექნება საშუალება რომ აირჩიოს STEM კლუბი. ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. უკვე პილოტირების პროცესში ვართ და ვიყავი რამდენიმე სკოლაში, სადაც ჩვენ გავხსენით უკვე ეს STEM კლუბები. წლევანდელ ბიუჯეტში ეს თანხები გათვალისწინებულია.
ჩვენ გასული თვეები დავუთმეთ სასკოლო მიმართულებით, მნიშვნელოვანი სიახლეების დანერგვამდე და შეთავაზებამდე კვლევას, რომ გაგვეგო ზუსტად, რა სჭირდებოდა და რა ეტაპზეა დღეს სასკოლო ინფრასტრუქტურა საქართველოში. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა სხვადასხვა საკითხზე - ციფრული განათლება, მათემატიკისა და ფიზიკის სწავლება, ჰუმანიტარული განათლება, ყველა მიმართულებით გვქონდა სამუშაო ჯგუფები შექმნილი და ამ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით, შევიმუშავეთ სწორედ ის ხედვა, რომელიც გავაცანით საზოგადოებას," - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.