
შემცირებული დრო და უსაფრთხო გადაადგილება - საგარეჯო-ბადიაურის 17 კილომეტრიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია. ახალი ინფრასტრუქტურის უპირატესობებზე საუბრობს მოსახლეობა.
ახალი საავტომობილო გზა გვერდს აუვლის ხუთ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს, რაც გადაადგილების მანძილს ორი კილომეტრით შეამცირებს, ავტომობილების გამტარუნარიანობას კი სამჯერ გაზრდის. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბადიაურში, სავაჭრო სივრცეების მოწყობა, რაც მცირე მეწარმეებს ადგილობრივი პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარება.
ჩქაროსნული მაგისტრალი ოთხ ზოლიანი იქნება. მოეწყობა სპეციალური სატრანსპორტო კვანძიც, რომელიც ოთხ ხიდს და რვა გზაგამტარს მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მიმდებარედ არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვა.
კახეთის მაგისტრალის 35 კილომეტრიანი მონაკვეთი გასულ წელს გაიხსნა. მიმდინარე სამუშოების დასრულების შემდგომ, თბილისსა და ბადიაურს შორის დამაკავშირებელ 52 კილომეტრიან გზაზე გადაადგილება კიდევ უფრო გამარტივდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2025 წლის ბოლოს დასრულდება. თბილისიდან თელავამდე მგზავრობას ერთ საათი და 20 წუთი დასჭირდება. საგარეჯო-ბადიაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.