"გირაო ჰქონდა შეფარდებული ირაკლი ოქრუაშვილს, არ გადაიხადა ეს გირაო, მაგრამ იმპერატიულად კანონი არ ითხოვს, თუკი ადამიანი არ იმალება, არაფერს არ აშავებს, მაინცდამაინც პატიმრობით შეცვლილიყო გირაო" - ეს განცხადება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა გააკეთა. როგორც მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, აღნიშნული ღონისძიების გამოყენება უკანონოა.
"რა თქმა უნდა, აღნიშნული ღონისძიების გამოყენება უკანონოა. ადამიანი აქ იყო პროცესზე, თავის ნებით მოვიდა, არაფერს არღვევს და იმ ფორმალობის გამო, რომ გირაო არ გადაიხადა, პატიმრობა შეუფარდეს", - ამბობს მამუკა ჭაბაშვილი.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა არ გადაიხადა დადგენილ ვადაში გირაოს ოდენობა, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობა. შესაბამისად, აღნიშნული იყო მთავარი საფუძველი, რის გამოც გირაო შეიცვალა პატიმრობით.
"მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა არ გადაიხადა დადგენილ ვადაში გირაოს ოდენობა, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობა, გირაოს ოდენობის თანხის უზრუნველყოფაც არ მოუხდენია მას უძრავი ქონებით, შესაბამისად, აღნიშნული იყო მთავარი საფუძველი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალა პატიმრობით. პირველი, რაც არ შეასრულა გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა მოსამართლის კანონიერი მოთხოვნა და ეს უგულებელყოფა იყო მისი მხრიდან მომდინარე", - განაცხადა ნათია თათიაშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამართულ პროცესზე გამოაცხადა. მანამდე პატიმრობის შუამდგომლობა სხდომაზე პროკურორმა დააყენა, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო შეფარდებული 20 000 ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი