09 აგვისტო 2026,   15:52
ვრცლად
1 წლიანი პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოს გადაუხდელობისთვის - ირაკლი ოქრუაშვილი პირდაპირ სასამართლო დარბაზში დააკავეს

1 წლამდე პატიმრობა ირაკლი ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა გამოაცხადა და პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა. გირაოს პატიმრობით შეცვლა ბრალდების მხარემ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ოქრუაშვილმა გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია დაცვის მხარისთვის. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ ოქრუაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობს პროკურატურა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ოქრუაშვილმა აღკვეთის ღონისძიების პირობა უხეშად დაარღვია და გირაოს გადახდაზე უარი თქვა.

პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

ოპოზიციას დღეს მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საგამოძიებო კომისიისთვის თავის არიდება შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სასამართლომ ერთადერთი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

ირაკლი ოქრუაშვილთან საგამოძიებო კომისიას შეკითხვები არაერთ გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰქონდა. საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები