13 ივნისი 2025,   08:25
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - საქმეზე "ალექსი მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ", ქართული სახელმწიფო ყველა კომპონენტში გამართლდა

სტრასბურგის სასამართლოში, ქართული სახელმწიფო, საქმეზე, ალექსი მაჭავარიანი საქართველოს წინააღმდეგ, ყველა კომპონენტში გამართლდა. თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საქმის სამართლიანი განხილვის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების უფლება - ევროკონვენციით დაცული ამ ნორმების დარღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ მომჩივან მხარეს არ დაუკმაყოფილა. საუბარია 2020 წლის ნოემბრის აქციაზე, შეშის შეტანის მცდელობის დროს მაჭავარიანის დაკავების ფაქტზე, რომელსაც აქტივისტი და მისი კოლეგები უკანონოდ მიიჩნევდნენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სტრასბურგმა ოპონენტების სარჩელების აბსურდულობა მორიგ ჯერზე დაადასტურა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დღეს კომენტარის გაკეთება თავად მაჭავარიანმა აღარ ისურვა.

2020 წელს, მაჭავარიანი რუსთაველის გამზირზე, აქციაზე შეშის შეტანის მცდელობის დროს დააკავეს. მაშინ უფლებადამცველები, მედიის ნაწილი და აქტივისტები კანონდარღვევაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ცენტრალურ გამზირზე შეშის შეტანა გამოხატვის თავისუფლების ნაწილი იყო.

იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ სწორედ საპროტესტო აქციაზე შეშის მიტანის საკითხია სტრასბურგის სასამართლოში პრეცედენტული. ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა ინსტანციამ დაადასტურა, რომ ნებისმიერი აალებადი და მძიმე საგნის პროტესტში გამოჩენა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს ცდება, რაც სამართალდამცავებს ლეგიტიმური მოქმედების უფლებას აძლევს.

სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებლობას ვერ უარყოფს ოპოზიცია. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები გადაწყვეტილების მხოლოდ იმ დეტალზე აკეთებენ აქცენტს, სადაც მაჭავარიანის საპატიმროში გაჩერების დროზეა საუბარი.

ოპონენტების პოზიციას სპეკულაციურს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ სტრასბურგმა ქართული სასამართლოს მაღალი კვალიფიკაცია და მიუკერძოებლობა დაადასტურა. მაჭავარიანის საქმე კი აჩვენებს, რომ ნებისმიერი სახის სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ნივთით აქციაზე ყოფნა, დანაშაულებრივი ქმედებაა.

სტრასბურგის სასამართლომ ალექსი მაჭავარიანის საქმეზე გადაწყვეტილება 20 მაისს გამოაქვეყნა. ბოლო თვეების განმავლობაში, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ინსტანციამ ხელისუფლების ოპონენტების არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დღის ამბები