საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო.
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში მიმდინარე საგამოცდო პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ნინო წერეთელთან ერთად, გაეცნო.
მინისტრი ტესტირების დაწყებამდე აპლიკანტებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.
2025 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 31 მაისს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში 1 ივნისს ატარებს.
ტესტირება 24 ქალაქში გახსნილ 33 საგამოცდო ცენტრში იმართება. წელს გამოცდებზე რეგისტრირებულია 5 116 მსურველი. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.