ზაფხულის პირველი თვე და "ზაფხულის ღამის ჯაზი". სამდღიანი ფესტივალი კარგად ნაცნობ და ახალ შემსრულებლებს აერთიანებს.
ისტორიული "არტოს ბაღიდან" ურთიერთობების და თავისუფლების მუსიკა ისმის. ჯაზი - ეს ის მიმართულებაა, სადაც ექსპრომტი ყველაზე მეტად ფასობს, თუმცა, მთავარი აქ მაინც მუსიკოსებს შორის ჰარმონიის დაცვაა. ჰარმონიული ბგერები კი უკვე მე-6 წელია, "ზაფხულის ღამის ჯაზის" ფესტივალზე ჟღერდება.
მუსიკოსებისთვის ჯაზი ურთიერთობის უნივერსალური ენაა. მისი დახმარებით საუბრობენ მეგობრობაზე, სიყვარულზე, დასახულ მიზნებსა თუ სამომავლო გეგმებზე. ქართველი და უცხოელი შემსრულებლები ფესტივალზეც სწორედ ჯაზმა გააერთიანა. სტამბულიდან თბილისამდე მანძილიც მალევე შემცირდა და ფესტივალის ისტორიაში პირველად, "ზაფხულის ღამის ჯაზს" მოწვეული ჯაზმენი ჰყავს.
8 ივნისის ჩათვლით, ჯაზის ქართველი ვარსკვლავები ახალბედა მუსიკოსებთან ერთად მელომანებს იმ ჟანრის გარშემო ამოგზაურებენ, რომელიც თითქმის საუკუნის წინ ახალ ორლეანში დაიბადა და განვითარების გრძელი გზა გაიარა.
ამ ადამიანებს ჯაზის გარდა ეს სივრცე უკვე წლებია აერთიანებთ. ადგილი, სადაც ხშირად იკრიბებიან, და მუსიკის საღამოებს მართავენ. ზუსტად 6 წლის წინ, ხელოვანები საერთო მიზანმა გააერთიანა და ფესტივალი - "ზაფხულის ღამის ჯაზიც" დაარსდა.
უნიკალურმა ბგერებმა და ემოციების მრავალფეროვანმა პალიტრამ, წელს, 120-მდე მუსიკოსს მოუყარა თავი. მუსიკის გარდა, "არტოს ბაღში" მოსული სტუმარი ნახავს რარიტეტულ და ხელნაკეთ ნივთებს, ისევე როგორც მხატვრების მიერ შესრულებულ თემატურ ნამუშევრებს.