09 აგვისტო 2026,   20:25
ვრცლად
საქართველოს მთავრობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს - ერთი ახალი ინიციატივა, 18 კანონში ცვლილებას ითვალისწინებს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია და ამ მიმართულებით არსებული რეგულაციების დახვეწა - საქართველოს მთავრობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს. საკანონმდებლო პაკეტს კანონმდებლებმა დღეს მეორე მოსმენით კენჭი უყარეს. იქამდე კი, ცვლილებების მნიშვნელობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა.

ერთი ახალი ინიციატივა, 18 კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. მათ შორისაა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები. "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საქართველოდან უცხოელის გაძევების პროცედურა მარტივდება, იზრდება ჯარიმები მათთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს.

ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას არ იცნობს, თუმცა მაინც ამტკიცებს, რომ ცვლილებათა პაკეტი ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გამკაცრებული კანონმდებლობის სამიზნე აქციებზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ საპროტესტო აქციებში და პარლამენტზე თავდასხმებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობა ერთი ერთი და არა ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მთავრობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქვეყნის კარი უცხოელებისთვის ღიაა, თუმცა მასპინძლობა სტუმრის მხრიდან ბოროტად გამოყენებული არ უნდა იქნეს.

ვიდრე უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა ახალი პაკეტი ძალაში შევა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, ბოლო დღეებში ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 21 მოქალაქის გააძევა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები