
ვანი, ბაღდათი, სამტრედია - იმერეთის რეგიონში, ათასობით ადგილობრივი მალე 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სათავე და გამწმენდი ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ეწყობა წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები.
ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთში სკოლებისა და ბაღების განახლებასაც მოიცავს. ამ დროისთვის, რეგიონში 13 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორისაა სამტრედიაში მდებარე, 450 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც მალე გაიხსნება. საბავშვო ბაღების მშენებლობასა და განახლებაზე 60 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
ახალი ამბულატორია და საზოგადოებრივი ცენტრი - ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
პრიორიტეტებს შორის არის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბაღდათი-აბასთუმნის გზის მონაკვეთების რეაბილიტაციის შემდეგ, გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო იქნება. ასევე შემცირდება მანძილი და დრო თურქეთის საზღვრამდე მისასვლელად.
რეგიონში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრი. რევაზ სოხაძემ პარლამენტის ყოფილი შენობა დაათვალიერა და ტერიტორიის განვითარების პოტენციალზე ისაუბრა. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. იმყოფებოდა საფეხბურთო სპორტული სკოლის - "მართვე"-ს სტადიონზე და სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ურბანული ინფრასტრუქტურის განახლებას იმერეთის რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ქუთაისში სკვერების, შენობებისა და ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი კოშაძე