
ნიღბებით, ჩირაღდნებით და რევოლუციისკენ მოწოდებებით აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან, პარლამენტის მიმართულებით მოაწყვეს. პროტესტის მეორასე დღეს, დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოს წინ ისევ შეიკრიბნენ, თუმცა, ხელახალი არჩევნების, და დაკავებულების გათავისუფლების ნაცვლად, რევოლუცია მოითხოვეს.
არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია და პროცესების რადიკალიზაცია - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გუშინდელი საპროტესტო აქცია იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელზეც სახელისუფლებო გუნდი უკვე დიდი ხანია საუბრობს.
საპროტესტო აქციის არც ფორმაში და არც იქ გაჟღერებულ მოწოდებებში პრობლემას ვერ ხედავს ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი. ელენე ხოშტარია ამბობს, რომ სიტყვისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, განსხვავებულად ფიქრობენ გახარიას გუნდში.
გუშინდელმა აქციამ და რევოლუციურმა მოწოდებებმა "ქართული ოცნების" და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრებს თვეების წინ, იმავე ადგილას გამართული დემონსტრაციები გაახსენა. სახელისუფლებო გუნდიდან აქციის მონაწილეებს და ოპონენტებს, კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ქართული კანონმდებლობით, საჯარო შეკრების მონაწილეებს სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, ნიღბებით სახის დაფარვა ეკრძალებათ. კანონდარღვევა კი ჯარიმას ითვალისწინებს.