
"რუსთავი 2-მა" ეთერ ლიპარტელიანთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. საქართველოში პირველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონმა ქალმა აღნიშნა, რომ, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, დიდ ძალასა და სტიმულს აძლევდა მეუღლე - ასევე წარმატებული ძიუდოისტი, თემურ ნოზაძე.
"...რა თქმა უნდა, მინდა აღვნიშნო ჩემი მეუღლე. მე და ჩემი მეუღლე პატარაობიდან ერთად მოვდივართ. 15 წლის ვიყავი, როდესაც შეყვარებულები გავხდით, მაგრამ იქამდე ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. 12 წლის ასაკში დავიწყეთ მეგობრობა და ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. გვქონდა ერთი მიზანი, ერთი ოცნება და მადლობა ღმერთს, რომ თემო ჩემს მიზნებსა და ოცნებებში ჩემ გვერდით იყო და ერთად ავისრულეთ ეს ოცნებები და მიზნები.
ასევე, ჩემს მწვრთნელებსაც მადლობა მინდა გადავუხადო, ყველანაირად გვერდით გვიდგანან და ყველაფერს აკეთებენ, რომ გავხდეთ წარმატებული სპორტსმენები. მათ შორის, ჩვენს ფედერაციასაც. ჩვენი ფსიქოლოგი ქალბატონი ანა ძალიან დამეხმარა. მე მას სიკეთის ფერია შევარქვი. ის საჭირო მომენტში, საჭირო დროს ვიპოვე და ყველანაირად გვერდში მედგა. ჩვენ ეს ერთად შევძელით, ერთად მოვიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონობა", - აცხადებს ლიპარტელიანი.
ეთერ ლიპარტელიანის თქმით, ყველა სპორტსმენის მიზანია ოლიმპიური მედალი მოიპოვოს. მისი თქმით, მომავალი ოლიმპიადა 3 წელიწადშია და ყველანაირად შეეცდება, უმაღლეს ფორმაში იყოს.
"ყველა სპორტსმენის ოცნება და მიზანია, გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპა და მსოფლიო. ოლიმპიადა სამ წელიწადშია, ყველანაირად ვეცდები, უმაღლეს ფორმაში შევხვდე და მოვიპოვო უმაღლესი სინჯის მედალი", - განაცხადა ლიპარტელიანმა.
25 წლის ეთერ ლიპარტელიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის პირველი ქართველი ქალია ძიუდოში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლიპარტელიანმა ტურნირის ყველა ბრძოლა იპონით მოიგო.