
თეატრალური სამყარო კი კიდევ ერთ სეზონს ასრულებს. მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს საჩუქარს უმზადებს - ფრენკ ბაუმის "ოზის ჯადოქარი" სცენაზე ივლისის თვეში გათამაშდება. საინტერესო ქორეოგრაფიული დადგმა, კოსტიუმების მრავალფეროვნება და დაუვიწყარი მუსიკალური გაფორმება. მსახიობები ამჯერად მეგობრობაზე, სიყვარულსა და ერთგულებაზე მოგვიყვებიან.
ზღაპრის გმირები, ცხოველთა სამყარო და ფერადი მცენარეები - სახლიდან შორს, ეს ყველა ბავშვისთვის საოცნებო ადგილია, რომლის გარშემო მოგზაურობაზეც პატარები განსაკუთრებულად ოცნებობენ.
"ოზის ჯადოქარი" ფრენკ ბაუმი პირველი რომანია. მწერალმა კრებული მეუღლეს მიუძღვნა. ცნობილია, რომ 1960-86 წლებში წიგნის გაგრძელებაც გამოიცა, რომელზეც საავტორო უფლებები უოლტ დისნეიმ მოიპოვა, მოგვიანებით, კი ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი "ოზის დაბრუნება". კინოსურათის შემდეგ დადგა თეატრალური წარმოდგენის დრო.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენა, 98-ე სეზონის დახურვამდე, საბავშვო პრემიერას დაეთმობა.
ჰორიზონტის 4 მხარე და 4 ჯადოქარი - მთავარი ამოცანა ორი ბოროტი ალქაჯის დამარცხება და ზურმუხტ-ქალაქამდე მისვლაა. გზა გრძელია, თავგადასავალს კი შეძენილი მეგობრები ამარტივებენ.
მე-20 საუკუნის ლიტერატურული კლასიკა "ოზის ჯადოქარი" მრავალი რეჟისორის ინსპირაციის წყარო გახდა, თუმცა ფრენკ ბაუმის მიერ დაწერილი ისტორია უცვლელი რჩება. თემატურია კოსტიუმები და დეკორაციაც, მაგრამ არა ავთენტური. საუკუნის შემდეგ ისევ ვხვდებით ჯადოსნურ ფეხსაცმელს, რომელიც დოროთიმ საჩუქრად ალქაჯისგან მიიღო.
ფერადი და მუსიკალური თავგადასავლის სანახავად მსახიობები განსაკუთრებულად ბავშვებს ეპატიჟებიან. დაეხმარება თუ არა დოროთის კეთილი ჯადოქარი შინ დასაბრუნებლად - ამას მაყურებელი სპექტაკლის დასასრულს გაიგებს.