09 აგვისტო 2026,   16:07
ვრცლად
გიორგი გახარიას, ჩორჩანას საქმესთან კავშირი აქვს და ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული იქნება - გიორგი გვარაკიძე

გენერალურ პროკურატურაში "საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე" გამოძიება გრძელდება. ამ წუთებში, უწყებაში ჩორჩანას მკვიდრი პაატა მუმლაძე იმყოფება. ის კომისიას ინფორმაციას მიაწოდებს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ.

დღესვე, პირველი განცხადება გააკეთა ახალმა გენერალურმა პროკურორმა. გიორგი გვარაკიძე ამბობს, რომ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩორჩანა მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რადგან საქმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ეხება. მისივე თქმით, გამოიკითხება გიორგი გახარიაც, რადგან მას საქმეთან კავშირი აქვს.

"იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საკმაოდ დიდი ტერიტორიის ოკუპაციაში დახმარებას, ამ საქმეზე ყოველდღიურ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, იკითხება ხალხი, ყველა ის ადამიანი გამოიკითხება, ვისაც რაიმე სახის შეხება ჰქონია ამ საქმესთან. კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ვთვლი, რომ ჯერჯერობით გასაჟღერებელი არ არის, თუმცა, ისევე, როგორც სხვა ბევრ საკითხზე და საქმეზე, პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას ამ საქმესთან კავშირი, რა თქმა უნდა, აქვს და ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხული იქნება", - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

დღის ამბები