დროებით საგამოძიებო კომისიაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოპოზიციური პარტიების იმ ლიდერებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულს ჩადიოდნენ, საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციულ ზიანს აყენებდნენ და ისტორიულ მონაპოვარს ხელს ღიად უშლიდნენ.
მაკა ბოჭორიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის დეტალებიც გაიხსენა და თქვა, რომ ოპოზიციამ რუსული აგრესია პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენა.
ოპოზიციის მხრიდან მიღებულ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემაც ისაუბრა. გივი მიქანაძემ რამდენიმე თვის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტისას განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთდროულად იყვნენ ჩართული.
2008 წლის აგვისტოს ომი, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები - ეს იმ დანაშაულების ნაწილია, რომელიც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ შუალედური ანგარიშის ფარგლებში წარადგინა. თეა წულუკიანმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა და თქვა, რომ საბოლოო დასკვნა უმძიმესი იქნება.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს დეპუტატებმა დამაზუსტებელი შეკითხვები დაუსვეს. კანონმდებლები დაინტერესდნენ, რა კითხვები არსებობს იმ პირების მიმართ, რომლებიც კომისიის სხდომაზე იყვნენ დაბარებული, თუმცა საჯარო პროცესს თავი აარიდეს.
დღის ბოლოს, პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივა. კანონმდებლებმა საბოლოო დასკვნა 4 აგვისტოს უნდა დადონ.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.