09 აგვისტო 2026,   17:15
ვრცლად
ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალის ფარგლებში, სიღნაღის ცენტრალურ პარკში კომპოზიტორის ბიუსტი გაიხსნა

მეოცე საუკუნის ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის ბიუსტი სიღნაღის ცენტრალურ პარკში საზეიმოდ, იმ სიმღერის ფონზე გაიხსნა, რომელიც 1997 წელს კომპოზიტორმა გალაკტიონ ტაბიძის ტექსტის მიხედვით დაწერა. ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქში მეოთხედ გაიხსნა.

ფესტივალის მთავარი მონაწილე საქართველოს სახალხო არტისტი, ნანი ბრეგვაძე იყო, რომელმაც მუსიკალური შემოქმედება ბიძინა კვერნაძის სიმღერებით დაიწყო. "თბილისის ღამე" მომღერლისთვის იყო პირველი რადიო ჩანაწერი. შემდეგ ”შეხვედრა მთაში”, უამრავი საესტრადო სიმღერა და დუეტები. ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის ნანი ბრეგვაძეს ფესტივალის სიგელი გადაეცა.

მეგობრები და მუსიკის მცოდნეები ბიძინა კვერნაძეს "მელოდიის დიდოსტატს" უწოდებდნენ. ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით და მომღერლებმა, კომპოზიტორის ნაწარმოებები შეასრულეს. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი ბიძინა კვერნაძის მოსწავლე, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილია. ფესტივალი, კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქში მეოთხედ გაიხსნა.

ჟანრობრივად გამორჩეული 4 კონცერტი ელოდება მსმენელს სიღნაღსა და ბათუმში. უკვე მეოთხე წელია კონცერტების პარალელურად ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციისთვის საგანმანათლებლო აქტივობებიც ტარდება.

ბიძინა კვერნაძეს შექმნილი აქვს მუსიკა 30 ზე მეტი ფილმისთვის. მათ შორისაა მრავალსერიიანი ფილმი "დათა თუთაშხია". "მე ვხედავ მზეს", "უდიპლომო სასიძო" და სხვა მრავალი კინოსურათი. არქივს შემორჩა მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული და საბჭოთა პერიოდში აკრძალული სპექტაკლი "ჭინჭრაქაც", რომლის მუსიკაზეც ბიძინა კვერნაძემ იზრუნა.

წლევანდელი ფესტივალი 2 ივლისს ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში დასრულდება. საღამოზე მისული მაყურებელი მოისმენს ნიკა ნიკვაშვილის კალეიდოსკოპს "ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე".

დღის ამბები