მილიონების გაფლანგვის საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალის დადგენილებას სუს-ის შენობაში თითქმის 2 საათის განმავლობაში აცნობდნენ. ბრალდებულები, ვლადიმერ ღუდუშაური და ვასილ მხეიძე,გამოძიების მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულებების მიუხედავად, დუმილის უფლებით სარგებლობენ და დანაშაულს არ აღიარებენ. უცნობია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას პოზიცია, მისმა უფლებადამცველმა სუს-ის შენობა დღეს უკომენტაროდ დატოვა.
დანაშაულებრივი სქემა, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავის, ყოფილი მოადგილისა და შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის უშუალო მონაწილეობით დაიგეგმა, გამოძიებამ დეტალურად გაშიფრა და კონკრეტული მტკიცებულებებიც მოიპოვა.
საუბარია თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შეძენაზე, რომელიც ბრალდებულებმა რამდენჯერმე გადაყიდეს, მოჩვენებითი გარიგებები დადეს და საფასური ხელოვნურად გაზარდეს. კორუფციული გარიგების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარზე მეტი გაიფლანგა. დანაშაულთან დაკავშირებით დღეს საქმის პროკურორმა ისაუბრა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შეისწავლა ყველა ის დოკუმენტი, რომლებიც ახლა დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში დევს. გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით ხვალ იმსჯელებს. პროკურატურა სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი