09 აგვისტო 2026,   16:59
ვრცლად
დღესასწაული, რომელიც ბუნებასა და ტრადიციებს აერთიანებს, წელსაც ათასობით ადამიანს მასპინძლობს - ბეშუმი შუამთობის დღესასწაულს აღნიშნავს

ზღვის დონიდან თითქმის 1,850 მეტრზე მდებარე სოფელი ბეშუმი  მრავალსაუკუნოვან ტრადიციას დღემდე ინახავს და იმ ისტორიას აგრძელებს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დიდი ხნის წინ დაიწყეს და შემოინახეს. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას, როდესაც ზაფხული ყველაზე მძაფრად იგრძნობა, ბეშუმი იღვიძებს და შუამთობის დღესასწაულით წარსულს აცოცხლებს.

დღესასწაული, რომელიც ბუნებასა და ტრადიციებს აერთიანებს, წელსაც ათასობით ადამიანს მასპინძლობს.

შუამთობა წარმოუდგენელია ნიშნობის გარეშე. აჭარელმა წყვილმა მთებში სიყვარულის სამუდამო ფიცი დადო.

ამ დღისთვის დიდხანს ემზადებოდნენ ადგილობრივები, რომლებმაც ტრადიციის გადმოცემა საკუთარი ხელით დამზადებული ნუგბარითა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვით სცადეს.

შუამთობის დღესასწაულზე დოღი ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ცხენების რბოლაში სისწრაფე, გამბედაობა, ტრადიცია გაერთიანდა და ისტორია მოძრაობაში მოიყვანა.

ბეშუმში საკუთარ სიტყვა თქვა ქართულმა ჭიდაობამაც - ძალასა და ხასიათზე დაფუძნებულმა შეჯიბრებამ, დღესასწაულს დამატებითი სიმძაფრე შესძინა.

შუამთობის დღესასწაულზე ბეშუმში იმყოფებოდნენ ადგილობრივი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა იმ ტრადიციებზე ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის თვითმყოფადობას განსაზღვრავს.

შუამთობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც სათავეს მაღალმთიანი აჭარიდან იღებს და ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

 

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები