05 აგვისტო 2026,   13:58
ვრცლად
20 წლის შემდეგ, ქართულ ენას უნივერსიტეტებში სავალდებულო სტატუსი დაუბრუნდა - სიახლე, 2025 წლის 1 აგვისტოდან ჩარიცხულებს შეეხებათ

20 წლის შემდეგ, ქართულ ენას უნივერსიტეტებში სავალდებულო სტატუსი დაუბრუნდა. სახელმწიფო ენის სპეციალურ კურს სტუდენტები ყველა უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან. სიახლე, 2025 წლის 1 აგვისტოდან ჩარიცხულებს შეეხებათ. ცვლილების ინიციატორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნანა მაჭავარიანი და გიორგი გოგოლაშვილი არიან.

სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი, პირველ აკადემიურ წელს განხორციელდება და არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ქართული ენის ისტორიას; სალიტერატურო ენის ნორმას; სტილისტიკას და სამეცნიერო ტერმინოლოგიას.

ქართული ენის სწავლება სავალდებულო მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარიის ინტეგრირებულ და მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზეც იქნება. უნივერსიტეტებში ახალი კურსისთვის უკვე ემზადებიან.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა, განათლების მინისტრის ბრძანებით, სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისიამ კურსის შინაარსი და სილაბუსის მოთხოვნები შეიმუშავა. პროექტზე გივი მიქანაძემ იმუშავა. მინისტრის განცხადებით, სიახლე ხელს შეუწყობს სახელმწიფო ენის გაძლიერებას.

ქართული ენის სავალდებულო სწავლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე მიიღო და ძალაში სექტემბრიდან შევა.

ავტორი: ირაკლი კოშაძე. 

დღის ამბები