22 ივლისი 2026,   14:57
ვრცლად
"ჩვენი ჩემპიონები ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან - ჩვენი ვალია, ამ უდიდეს პოტენციალს განვითარების ღირსეული პირობები შევუქმნათ" - ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

ორი საცურაო აუზი, ტრენაჟორები, ძალოსნობის დარბაზები, გასახდელებითა და საშხაპე სივრცეებით - ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი გაიხსნა.

კომპლექსის გახსნას პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სპორტული ცხოვრების პოპულარიზაცია და წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობა ხელისუფლებისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

"სპორტი უნივერსალური ენაა, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, ჩვენი ჩემპიონები კი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან; ჩვენი ვალია, ამ უდიდეს პოტენციალს განვითარების ღირსეული პირობები შევუქმნათ და ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ახლი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, არა მხოლოდ ზუგდიდს, არამედ მთელ რეგიონს მოემსახურება.

სპორტული კომპლექსის მნიშვნელობაზე საუბრობენ ადგილობრივ ხელისუფლებაშიც. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ახალგაზრდების მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული კომპლექსი ჯანსაღი ცხოვრების განვითარებას შეუწყობს ხელს.

სპორტული კომპლექსი, აზიის განვითარების ბანკისა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 27 მილიონ ლარამდეა.

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი "საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ოთხი სპორტ კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. ზუგდიდის გარდა პროექტი უკვე განხორციელდა და მუშაობს რუსთავსა და ქუთაისში. მალე დასრულდება ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობაც.

დღის ამბები