"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა, თუმცა ნინო დოლიძეს გამოძიების ფარგლებში არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა ხვალ, 11:00 საათზე, მოსამართლის წინაშე მოუწევს. დოლიძე ერთ-ერთია იმ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან, რომლებიც საგამოძიებო უწყებამ უნდა გამოჰკითხოს. პროკურატურაში მისვლასთან დაკავშირებით მესამე სექტორის ნაწილი ჯერ ისევ ფიქრის რეჟიმშია. ნაწილი გადაწყვეტილების მიღებას მოგვიანებით გეგმავს, უმრავლესობა კი გამოკითხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება, თუ პროცესი მაგისტრი მოსამართლის მონაწილეობით გაიმართება.
7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები გასულ კვირას დაყადაღდა. ფინანსური ტრანზაქციები მესამე სექტორის წარმომადგენლებს პროკურატურაში აღძრული საქმის ფარგლებში შეეზღუდათ. მათი ფინანსების შესწავლა საგამოძიებო უწყებამ, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საზოგადოებრივი მოძრაობა იმ ჯგუფის გამოვლენას ითხოვს, ვისაც მათივე თქმით, უცხოური დაკვეთით ქვეყანაში პროცესების რადიკალიზების მცდელობა ჰქონდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს პროკურატურამ ანგარიშები კონკრეტული ფაქტების გამო დაუყადაღა. გამოძიებით დადგინდა, რომ მესამე სექტორის უმრავლესობა საპროტესტო აქციების დროს შესაბამისი ინვენტარის შეძენით იყო დაკავებული. საუბარია ნოემბერში საკანონმდებლო ორგანოსა და სხვადასხვა ტერიტორიაზე გამართულ აქციებზე, რომელმაც საგამოძიებო უწყების ინფორმაციით მოკლე პერიოდში ძალადობრივი ხასიათი მიიღო. არასამთავრობო სექტორს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ანგარიშების დაყადაღების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების პროკურატურაში დაბარებას ოპოზიცია მესამე სექტორზე დაშინების და ზეწოლის მცდელობას უწოდებენ.
გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება შეახსენა მესამე სექტორს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დონორებისგან მიღებულ თანხას, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც დაინტერესებული ორგანიზაციების ნაწილი, რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად იყენებდა.
პროკურატურაში გამოძიება, რომელიც საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზეა აღძრული - გრძელდება.