სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები იმ მხარდაჭერას, თანადგომას, იმ სიყვარულს, რომელსაც ვგრძნობ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, თბილისელების, ჩვენი თანაქალაქელების მხრიდან, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას.
"ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების მომავალი, მისი ხვალინდელი დღე. ბუნებრივია, ყველა, ვისაც ამ ქალაქზე შესტკივა გული, კარგად აცნობიერებს ამ არჩევნების მნიშვნელობას. როგორც იცით, გარდა იმისა, რომ ვარ მოქმედი მერი, ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას, როგორც "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები იმ მხარდაჭერას, თანადგომას, იმ სიყვარულს, რომელსაც ვგრძნობ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, თბილისელების, ჩვენი თანაქალაქელების მხრიდან. ძალიან კარგად ვიცი, რა პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ადამიანების წინაშე. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კამპანია დავიწყეთ დაგეგმილზე ადრე, რათა ამომრჩეველს და თბილისის მოსახლეობას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, როგორც უკვე გაკეთებულ საქმეებზე, ისე სამომავლო გეგმებზე. ვფიქრობ, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ის გუნდი, რომელიც შეძლებს, იზრუნოს თბილისსა და თბილისელებზე - კიდევ უფრო გაალამაზოს და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს", - განაცხადა კახა კალაძემ.