06 აგვისტო 2026,   22:43
ვრცლად
ხელოვნების სასახლემ შემოდგომის სეზონი გამოფენა სახელწოდებით "ბაგრატიონები" უკვე გახსნა

საქართველოს უკანასკნელი დედოფლის სამოსი, მეფეთა პორტრეტები, სასახლის იარაღები და ჰეროიკული საგნები — თითოეული დეტალი ბაგრატიონთა დინასტიის საუკუნოვან ისტორიას მოგვითხრობს: მეფეთა დიდებიდან სამეფო ოჯახის ყოველდღიურობამდე.

გამოფენა „ბაგრატიონები“ დროში მოგზაურობაა: შუა საუკუნეების სამეფო დარბაზებიდან მეცხრამეტე საუკუნის თბილისამდე. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს უნიკალური არტეფაქტები; მათ შორის ვახტანგ VI-ის ასტროლაბია, რომელიც დღემდე ქართული მეცნიერებისა და აღმოსავლური ოსტატობის საუკეთესო ნიმუშად ითვლება.

გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტებიდან მნიშვნელოვანი ადგილი ანანურის კომპლექსის ფონზე შესრულებულ თამარ მეფის პორტრეტს უკავია; იგი მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება და მისი ავტორის ვინაობა უცნობია.

საგამოფენო სივრცეშია ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ახალგაზრდობის ტილო და თეკლე ბატონიშვილის უნიკალური პორტრეტი. რესტავრაციის შემდეგ პირველად გამოიფინა ქართლის მეფე გიორგი მეთერთმეტის — ყანდააარის ბეგლარბეგის პორტრეტი. დამთვალიერებელი მეფე ბაქარის, კონსტანტინესა და მეფე გიორგის ცეცხლსასროლ იარაღებს იხილავს.

გამოფენა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს, სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა; თუმცა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი გვარის ისტორიითა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი წარსულით არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მოგზაურებიც დაინტერესდნენ.

საქართველოს სამეფო გვარისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია, კულტურის მინისტრის ინიციატივითა და მხარდაჭერით, პირველად იმართება. ის დამთვალიერებელს 20 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს; შემდეგ კი დედაქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლებს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები