ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაში რაჭას განსაკუთრებული ადგილი უკავია. სწორედ აქ, ალექსანდროული და მუჯურეთული ჯიშის ყურძნისგან, მსოფლიოში განთქმული ღვინო - "ხვანჭკარა" მზადდება.
რაჭაში რთველი დასასრულს, მოსავალი კი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა.
რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას ყველა ის კომპანია მიიღებს, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, 1 კილოგრამზე 4 ლარს შეადგენს.
ადგილწარმოშობის ღვინის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ჩასაბარებელ ყურძენს მონიტორინგს სპეციალისტები უწევენ.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რთველის საწყის ეტაპზე, კლიმატური პირობების გაუარესების შიშით, მოსახლეობამ ერთიანად დაკრიფა ყურძენი, რამაც განაპირობა საწარმოებთან დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდა, თუმცა რაჭაში ყურძნის ჩაბარება უკვე შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს რაჭაში რთველი გამორჩეულია და ღვინო მაღალი ხარისხის იქნება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული. ამ ეტაპზე მოსავალი 1 200-მა მევენახემ დააბინავა, რთველის პროცესში კი ჩართულია 50-მდე ღვინის საწარმო.