პროკურატურამ სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს წარუდგინა. მათ შორის ერთს, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მას ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავებიან. მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება, 9 პირს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, 5-ს კი სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
პროკურატურა სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს 15 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, მარიამ მეყანწიშვილის მიმართ კი შუამდგომლობა გირაოს გამოყენება იქნება.
მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი, ანი ბერია აცხადებს, რომ დაცვის მხარე მოითხოვს, მარიამ მეყანწიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ იქნას გამოყენებული.
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ მარიამ მეყანწიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ იქნას გამოყენებული, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები - ვგულისხმობ მტკიცებულებებს, რომელსაც ბოლომდე არ გავცნობივარ, თუმცა, როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი ვიდეომასალაა წარმოდგენილი," - აცხადებს ადვოკატი.
სხვა დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღესვე იმსჯელებს.