გასული დღის ბოლოს, დადიანის ქუჩაზე მდებარე მე-10 საჯარო სკოლასთან ხმაური იყო. გარკვეული პერიოდი გადაიკეტა ცენტრალური გზაც. სკოლის მოსწავლეების მშობლები მათი შვილების 190-ე სკოლაში მეორე ცვლაში დროებით გადასვლას აპროტესტებდნენ. მიზეზი 22-ე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემა გახდა, რომელშიც ბოლო რამდენიმე წელია სწავლობენ მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეები. უშუალოდ მე-10 საჯარო სკოლის შენობა სასწავლო პროცესისთვის ამ დრომდე გამოუსადეგარია.
შეკრებილებს შეხვდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი. მისი განმარტებით, სამინისტრო სკოლის სივრცეზე მორგებული ფართების ძიებას განაგრძობს.
"22-ე საჯარო სკოლას შეექმნა ინფრასტრუქტურული პრობლემები, ამიტომ სანამ სამხარაულის დასკვნა არ იქნება, დაჩქარებული წესით არის გაგზავნილი, მანამდე ორივე სკოლა, ერთი კვირის ვადით, გადავედით ონლაინ სწავლებაზე. 12 საათზე გვაქვს შეხვედრა ჭყონდიდლის 56-ში მდებარე უნივერსიტეტის რექტორთან. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება იქნება ჩვენდა სასიკეთოდ გადაწყვეტილი და შევძლებთ ორშაბათიდან სასწავლო პროცესის გაგრძელებას აღნიშნულ ფართში", - აცხადებს მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ტაბაროტიშვილი.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე აცხადებს, რომ გრძელდება კერძო ფართების მოძიება.
"მე-10 სკოლა, რომელიც გადასული იყო და სწავლას აგრძელებდა 22-ე სკოლის შენობაში. იმ შენობაში გაჩნდა თუ არა ბზარი, მაშინვე მოხდა როგორც მე-10, ისე 22-ე სკოლის გამოყვანა. მე-10 სკოლისთვის შეთავაზებული იყო 190-ე სკოლის შენობა მეორე ცვლაში, რასაც მოჰყვა პროტესტი. ვაგრძელებთ კერძო ფართების მოძიებას, ისეთი ფართების, რომელიც უფრო მეტად მორგებულია სკოლის სივრცეს, რომელსაც აქვს შესაბამისი გამტარუნარიანობა, რადგან არ არის ნამდვილად პატარა სკოლა. ასევე, კონკრეტული ფართის მოძიების შემთხვევაში, დაგეგმილია ამ ფართის მოწესრიგება," - აცხადებს ლალი კალანდაძე.