კონცეფცია დამტკიცებულია - საქართველოს მთავრობა იმ რეფორმის განხორციელებას იწყებს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას თვისებრივად გარდაქმნის. შვიდ მთავარ გამოწვევაზე პასუხი რეფორმაში აისახა. გაწერილია გეგმა - სტუდენტების დაფინანსების, საკადრო პოლიტიკისა თუ რეგიონებში უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის.
რეფორმის შედეგად მოგვარდება ათწლეულების პრობლემაც. სრულ განაკვეთზე მომუშავე სრულ პროფესორებს, მინიმალური ანაზღაურება 10 00 ლარამდე გაეზრდებათ.
რეფორმის პირველი ეტაპი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. მიზნის სისრულეში მოყვანას კი 4 წელი დასჭირდება. განათლების სამინისტროს ცვლილებათა პაკეტი უკვე მზად აქვს. რეფორმის შედეგად გათანაბრდება სწავლის ხარისხიც. დაინერგება პრინციპი ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი. შედეგად აღარ მოხდება ფაკულტეტების ე.წ. დუბლირება.
მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა თუ რატომ იცვლება 4+2 სისტემა, 3+1+1 ით.
რესურსების ოპტიმიზაციის და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქები აშენდება.
შედეგად განიმუხტება ის ჭარბი კონცენტრაცია, რომელიც დედაქალაქში უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობითაა გამოწვეული.
გამართული ინფრასტრუქტურა, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები და გამართული დაფინანსების სისტემა სტუდენტებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებს მისცემს.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წინა ხელისუფლების მავნე პრაქტიკასა და მიზნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ განათლებულ საზოგადოებაზე გადის სახელმწიფო და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება.
უმაღლესი საგანმანათლებლო რეფორმის პარალელურად, მთავრობა ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს, რაც სკოლებში 12-ის ნაცვლად 11-წლიანი სასწავლო პროგრამის დანერგვას გულისხმობს. ეს ვალდებულება არ ექნებათ კერძო სკოლებს, საჯარო სკოლებში კი შეიქმნება სპეც-კლასები იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების სურვილი ექნებათ. განათლების მინისტრი კონცეფციას საზოგადოებას ხვალ წარუდგენს.