თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. იოსებ ბარდანაშვილის კამერული ოპერა "ევა", საქართველოში პირველად, პროექტ “თანამედროვე ოპერის განვითარების ფარგლებში” დაიდგა. სპექტაკლში სამი ეპიზოდია გაერთიანებული, ლიბრეტოს ავტორები ჯემალ აჯიაშვილი და ალექსეი პარინი არიან.
სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი ირინა გაჩეჩილაძეა. თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი, - რეჟისორი ამბობს, რომ ერთ საათიან დადგმაში, სცადა ქალის როლის, ამ შემთხვევაში ბიბლიური ევას განსხვავებული კუთხით წარმოჩენა.
შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათთვის პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო. "ევა" არის პოეტური ოპერა ქალის გამოფხიზლების შესახებ -უმანკო სურვილიდან თვით შემეცნებამდე. სცენარის მიხედვით მარტოდ დარჩენილი ევა ერთადერთ თანამგზავრს პოულობს - გველს, რომელიც მას მუსიკით აცდუნებს.
ფორტეპიანო, ვიოლინო, დრამი და სხვა ინსტრუმენტები, - მრავალფეროვანი და სხვადასხვა ჟანრისა თუ ეპოქის მუსიკა, მათ შორის ბაროკოს სტილი და ჯაზის ელემენტები, - დარბაზში განსაკუთრებულ გარემოს ქმნიდა.
კამერული ოპერა კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს და საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით დაიდგა. ორ დღიანი საპრემიერო ჩვენება დასრულებულია, თუმცა ორგანიზატორები წარმოდგენის გამართვას, ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.