05 აგვისტო 2026,   13:59
ვრცლად
მერაბ ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლები დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობენ - ამბობენ, რომ ქუჩაზე გადაადგილება როგორც ქვეითებისთვის, ისე ავტომობილებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გახდა

მერაბ ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლები დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობენ - ამბობენ, რომ ქუჩაზე გადაადგილება როგორც ქვეითებისთვის, ისე ავტომობილებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გახდა. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ალექსიძის ქუჩა ასეთი კეთილმოწყობილი არასდროს ყოფილა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 000 კვ. მ. ფართობზე ჩატარდა. დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარები. სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, გამოიცვალა წყლის დაზიანებული მილები და სანიაღვრე ქსელი, საკომუნიკაციო ქსელები კი მიწისქვეშ განთავსდა. შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურულ პროექტზე 2 მილიონ 800 ათას ლარამდე თანხა დაიხარჯა. ქუჩა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები მოეწყო. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, მოწესრიგდა საპარკინგე სივრცეები და დაიხაზა ზებრა გადასასვლელები.

უკვე დაგეგმილია მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია, სადაც სამუშაოები მომდევნო წელს დაიწყება. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები