2025 წელი საქართველოს სპორტისთვის წარმატებების, ისტორიული მომენტებისა და საერთაშორისო აღიარების წელი აღმოჩნდა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიო ასპარეზზე არაერთხელ ასწიეს ქვეყნის დროშა, საქართველომ კი უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებს თავადაც უმასპინძლა. წელი ზამთრის სპორტით დაიწყო.
ოლიმპიადის დაწყებამდე, 2025 წელს ქვეყნისთვის პირველი ისტორიული სპორტული მოვლენა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ფესტივალის მასპინძლობა იყო. ბაკურიანი, ბათუმი და თბილისი ზამთრის სპორტის მოყვარულთა შეკრების მთავარ ეპიცენტრად იქცა, ხოლო ბაკურიანში თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. რვა სახეობაში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებას, რომელშიც 45 ქვეყნის დაახლოებით 1 000 სპორტსმენი მონაწილეობდა, სპეციალურად ფესტივალისთვის მოწყობილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა მასპინძლობდა.
საქართველოს ღირსებას თამაშებზე სამ სახეობაში რვა სპორტსმენი იცავდა. საორგანიზაციო კუთხით უმაღლეს დონეზე გამართული ოლიმპიადის გვირგვინი კი ფიგურულ ციგურაობაში 15 წლის ინგა გურგენიძის შთამბეჭდავი გამოსვლა და ისტორიული ოქროს მედლის მოპოვება გახდა.
ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ქვეყანა კიდევ ერთი ისტორიული სპორტული გამოწვევის წინაშე დადგა და ეს გამოწვევაც ღირსეულად გადალახა. „თბილისი არენაზე“ გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელშიც 120 ქვეყნის 1 200-ზე მეტი მოფარიკავე მონაწილეობდა, მთელი მსოფლიოდან პოზიტიური შეფასებები მოჰყვა.
პლანეტის უძლიერესთა პირველობის მოლოდინი სრულად 25 ივლისს გამართლდა, როცა ბილიკზე ქართულ-ფრანგული დუელი შედგა. იმ დღეს სანდრო ბაზაძე პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
2025 წელი შთამბეჭდავი აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებისთვისაც. სექტემბერში ზაგრებში გამართული ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა საქართველოსთვის, სადაც გამარჯვება 18 წლის ქართველმა ფალავანმა მოიპოვა. ხობელმა სპორტსმენმა ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და ქართული ჭიდაობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ქართველი ძიუდოისტებისთვის. პოდგორიცაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, უმაღლესი სინჯის მედლის მფლობელი გახდა ილია სულამანიძეც. ვაჟთა და ქალთა შერეული გუნდების ფინალში კი სოფიო სომხიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.
ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიც. ეთერ ლიპარტელიანმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და 25 წლის ასაკში პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. ამავე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრებაშიც მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
2025 წლის კიდევ ერთი გამორჩეული გამარჯვების ავტორი ილია სულამანიძე გახდა, რომელმაც ტოკიოში გამართული გრანდ სლემის ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა. ამ წარმატებით ის მეოთხე ქართველი გახდა, ვინც ამ პრესტიჟულ ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი გულშემატკივრებისთვის 2025 წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ფეხბურთშიც. ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში შთამბეჭდავი სადებიუტო სეზონი ჩაატარა. ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით კვარაცხელიამ გუნდთან ერთად მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილმა გოლმა ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრებისთვის ისტორიული გახადა.
წარმატებული იყო 2025 წელი გუნდური სპორტისთვისაც. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი დაამარცხა და ტიტული მეჩვიდმეტედ, ზედიზედ კი მერვედ მოიპოვა. მატჩი 46:28 დასრულდა და კონტინენტის ჩემპიონი კვლავ საქართველო გახდა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტზე ისტორიული შედეგი აჩვენა და პირველად მოხვდა კონტინენტის პირველობის საუკეთესო რვა გუნდს შორის. ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთისა და კვიპროსის დამარცხების შემდეგ ქართველებმა მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებიც დაამარცხეს.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის უფლება მოიპოვა და 2026 წლის იანვარში სერბეთში ღირსეული ასპარეზობისთვის ემზადება. წარმატებას მიაღწია ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმაც, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ხოლო ფუტსალის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ მეორედ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
2025 წელი სპორტული მიღწევების თვალსაზრისით საქართველოსთვის წარმატებული და შთამბეჭდავი გამოდგა, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ სახეობებში. 2026 წელს ქვეყანას კიდევ უფრო მასშტაბური საერთაშორისო სპორტული გამოწვევები ელოდება - საქართველო უმასპინძლებს ძიუდოსა და ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატებს, კადეტთა ფარიკაობის კონტინენტის პირველობას, 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა უმაღლეს დონეზე ჩატარების სრული საფუძველი არსებობს.
ავტორები: ლაშა დვალიშვილი, თიკო ლობჯანიძე