საგნობრივი და თემატური დისკუსია - პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სწორედ ასეთია საჯარო დებატების ჯანსაღი ფორმა. მთავრობის მეთაური, რომელიც თავადაა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დებატების ინიციატივის ავტორი, აცხადებს, რომ ჯანსაღ პოლემიკასა და დებატებს მზარდი პოლარიზაციის შემცირება შეუძლია.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პრემიერის ინიციატივის მიზანი, პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებაა, რადგან, ობიექტური რეალობის შესაფასებლად, საზოგადოებას კონსტრუქციული პოლემიკა სჭირდება. თუმცა, უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილებას პოლიტიკური ექსტრემისტები ვერ შეძლებენ.
პრემიერის ინიციატივას ოპოზიცია ვერც ბოლომდე თანხმდება და ვერც ღიად უპირისპირდება. გამოსავალი ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა საჯარო დებატებში წინაპირობების დაყენებაში დაინახა.
"ქართულ ოცნებას" არ აქვს მოლოდინი, რომ ოპონენტების უმრავლესობა რაციონალურ დისკუსიაში შესვლას მოახერხებს. საპარლამენტო გუნდის წარმომადგენლების ნაწილმა დღეს დააკონკრეტა ისიც, თუ რომელ პარტიებთან არ აპირებენ დებატებს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ აუცილებელი კრიტერიუმი, ჯანსაღ სადისკუსიო ფორმატთან ერთად, მაღალი სტანდარტის მედიაგარემოს უზრუნველყოფაა, რადგან სწორედ რადიკალურმა მედიასტანდარტმა შეუწყო ხელი ქვეყანაში წლების განმავლობაში საჯარო პოლემიკის შეზღუდვას.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან დებატებს არ გულისხმობს. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მზად არიან, საჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გამართონ.