01 აგვისტო 2026,   09:55
ვრცლად
"მტრული აქტი" - "ქართული ოცნება" ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ მედიაორგანიზაციების დაჯილდოებას აკრიტიკებს

"მტრული აქტი" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნება" ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ მედიაორგანიზაციისთვის გაცემულ პრიზებს. საუბარია გამოცემა "პუბლიკას" მასალებზე, რომლებშიც სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული პირები "სინდისის პატიმრებად" იყვნენ მოხსენიებული. მათ შორის არიან პოლიციელზე თავდასხმისა და აფეთქების მომზადების საქმეზე მსჯავრდადებულები, ასევე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები. მმართველი პარტიისთვის ეს ფაქტი აღიარებაა, რომ კონკრეტული პირები ევროკავშირის საელჩოსთვისაც ე.წ. სინდისის პატიმრები არიან. უმრავლესობა ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერაზე, ასევე მართლმსაჯულებაში უხეშ ჩარევაზე მიუთითებს.

პრიზი მედიაორგანიზაციებს პირადად ევროკავშირის ელჩმა გადასცა. დაჯილდოების ღონისძიებაზე წაიკითხეს მზია ამაღლობელის წერილიც. დაკავებული ჟურნალისტი პაველ ჰერჩინსკიმ სიტყვით გამოსვლის დროსაც ახსენა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ადამიანების წახალისება და ევროკავშირის საელჩოს გადაწყვეტილება, ევრობიუროკრატიის მიდგომებზე მეტყველებს. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე კომენტარი დღეს მედიის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ის, რაც ხელისუფლებისთვის ძალადობის წახალისებაა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერაა მათი ოპონენტებისთვის. ოპოზიცია ევროკავშირის საელჩოს პოზიციას სრულად იზიარებს.

მმართველ პარტიაში კონკრეტული ელჩების პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ საელჩოს პოზიცია და გაცემული ჯილდოები იმაზეც მიუთითებს, თუ ვინ იდგა ანტისამთავრობო აქციების უკან.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წლიდან დაწესდა. დაჯილდოების მორიგი ღონისძიება გუშინ გაიმართა.

დღის ამბები